აბაზანა - ნამუშევარი ერთგვარი მემორიალია, რომელიც ეძღვნება ჩემი ძმის და მისი მეუღლის ტრაგიკულად გარდაცვალების ხსოვნას აბაზანა-ადგილი სიშიშვლის, გაწმენდის, განწმენდის, საკუთარ თავთან დარჩენის, ურცხვობის, სიამოვნების და სიკვდილის. შენი ადგილი, პირადი, ინტიმური სივრცე. საზოგადოების მხრიდან დიდია ინტერესი პირად აბაზანაში შემოხედვის და მოყურადების. სიშიშვლის ყურების. აბაზანა ბინძურდება , თითქოს მგუდავი აირით ივსება, წყალი შესქელდება და მილებში ვეღარ გაედინება, სიბინძურე აბაზანაში გროვდება ივსება და დაღუპვა გარდაუვალია. დიდი ტრაგედია... დიდი ტრაგედია ცნობიერად თუ არაცნობიერად საზოგადოებისთვის გართობის საგანი და დროის გასაყვანი თემა ხდება. „ახალი ამბავი“ რამოდენიმე დღეში კულმინაციას აღწევს. უამრავი ყურის ფილტრში გაივლის ბევრი კითხვის ნიშნით, ბევრი მტკიცებითი ფორმით და საბოლოოდ უამრავი პირის ფურთხში გასვრილი,მრავალგზის ინტერპრეტირებული, პირველსახედაკარგული მასობრივ სექსუალურ აქტს ემსგავსება. აღტკინებული საზოგადოების მცდელობა, რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მიიღოს „ახალი ამბის“ მოსმენა-გადაცემით გამოწვეული ორგაზმისგან წარმატებით მთავრდება და განტვირთული, დაცლილი, მაგრამ მაინც დაუკმაყოფილებელი ბრბო, მოლოდინის რეჟიმზე გადადის. გაუპატიურებული, ტალახში ამოსვრილი „ამბავი“ კი ტრაგედიად რჩება მხოლოდ ამ ამბის მონაწილეებისთვის.                                                           
მერაბ გუგუნაშვილი

ENG