ბნელდება და კოჭობა თავის ბუდეს ვერ პოულობს

ჩემი პროექტი ოჯახურ კონფლიქტებს, ძალადობრივ და დამთრგუნველ რეალობას უპირისპირებს ხელოვნებას, რომელიც არსებული რეალობის გარდაქმნილი, გარდასახული ორეულია.  მაშინ როცა სახლი  ვეღარ უძლებს მასში არსებულ დამთრგუნველ, პირქუშ ენერგიას, ის რაღაც სხვად გარდაიქმნება და ეს გამიზნული ქმედება, შემოქმედებითი პროცესია.  ნამუშევარში სწორედ ტრანსფორმაციის მომენტია ასახული. სახლი  ნაწილებად იშლება, დეფორმირდება. მას  ეზრდება ხის ტოტები, ფანჯრებზე და საწოლის თავებზე ჩნდებიან ცხოველების და მცენარეების გამოსახულებები.  საბოლოოდ მთავარი პერსონაჟი აღმოჩნდება სახლიდან შუაგულ ტყეში. სახლი ამ შემთხვევაში მთავარი მოქმედი პირია. სახლის კედლებზე დახატული გამოსახულებები კი ასრულებენ დარაჯების როლს, რომელიც არა მარტო დაკვირვების ობიექტები, არამედ დამკვირვებლები არიან.

მასალები, რომლებიც ნამუშევარის შესაქმნელად გამოვიყენე შევაგროვე ქუჩაში, სხვადასხვა ადგილას. ქუჩაში სიარულის დროს, შევიქმენი დიდი ხედვის ველი, უზარმაზარი აკვარიუმი ან დიდი ფერწერული ტილო, სადაც მთავარი პერსონაჟი ამ აკვარიუმში ან ტილოზე მოგზაურობს, მას  განსაზღვურლი მიზანი არ აქვს, არ იცის რას გააკეთებს მისთვის მთავარი მოძრაობაა. ყველა ნივთის პოვნის შემდეგ, ახალი იდეა და ახალი მიზანი აქვს. მითოლოგიური პერსონაჟივით გზადაგზა ახალი ფიგურები ხვდებიან ზოგი მას სწორ გზას უჩვენებს ზოგი კი დაბრკოლების გადასალახ ახალ დავალებას აძლევს.

გადაგდებული ავეჯის ნაწილები უკვე ინახავდნენ იმ ენერგიას და ინფორმაციას, ვის სახლშიც ინახებოდნენ, საბოლოო მიზანი მოგზაურობის ამ ნივთების შეკვრა და ახლებურად წარმოჩენა იყო. მათი ერთმანეთთან დაკავშირება და ახალი ფუნქციის მიცემა.


სავლე შუბლაძე 

ENG